თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის საარჩევნო სისტემის ცვლილებები და პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური გადაწყვეტილება
აქციაზე ძალის გამოყენების დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც მანამდე განვითარებულ პროცესებს, ასევე შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევებს, უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ყველაზე მძიმე იყო ის, რომ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება.

„რაც შეეხება აქციაზე ძალის გამოყენების დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც მანამდე განვითარებული პროცესები, ასევე შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევები, ამ ყველაფერს უნდა გაეცეს, პირველ რიგში, სამართლებრივი პასუხი. ეს სამართლებრივი პასუხი გაეცემა ღიად, გამჭვირვალედ და ისე, რომ კითხვები არ დარჩება არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. აქ არის სამართლებრივი პასუხები საჭირო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ის გადადგა თანამდებობიდან და ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის მთლიანად ქვეყნის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, უახლოეს მომავალში. ეს არის ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არიან კონკრეტულად დაზარალებული ადამიანები და ამას აუცილებლად მოჰყვება სამართლბრივი რეაგირება.

„ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა შს მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ არ ხედავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები