საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო პოზიტიური მოვლენა თავად რუსეთისთვისაც კი – ტუსკი
ევროოპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პოზიტიური მოვლენა უწოდა საბჭოთა კავშირის დაშლას. აღნიშნულზე საუბარი მან ევროპასთან დაახლოების კონტექსტში ისაუბრა.

“ჩვენ 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მეთხუთმეტე წლისთავს, რამაც დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისათვის, პოლონეთისთვისაც და ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფს, რომელიც დაიწყო თავისი დემონსტრაციებით თბილისში და სხვა ქვეყნებში. ასევე პოლონეთში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, შემოდგომაზე იმ წელს და ასე შემდეგ. გახსოვთ ალბათ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო უდიდესი შეცდომაო ამ ეპოქისო.

მე მინდა ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო ამ ტრიბუნიდან, საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. დარწმუნებული ვარ თვით რუსეთისთვისაც კი.
ეს არის ძალიან სიმბოლური დრო, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა გზა გავიარეთ ამ დროის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს სვლა. თუკი გადავხედავთ აღმსოავლეთ პარტნიორობის ათ წელიწადს, დავინახავთ, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა, უფრო სტრუქტურირებული გახდა და უფრო პროგნოზირებადიც”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print