შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, ომი თუ იქნება, ვიომებ – გვარამია
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს ტელეარხის, მისი სარედაქციო პოლიტიკისა და თანამშრომლების დასაცავად. აღნიშნულზე საუბრისას ნიკა გვარამიას ეცვა პიჯაკი სამხედრო ფორმის ფერებში.

“შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას: ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ და იმედი მაქვს, ამ ომში მარტო არ ვიქნებით”, – თქვა გვარამიამ და დასძინა, რომ არ მისცემს ბიძინა ივანიშვილისთვს უფლებას, “გასრისოს ერთ დღეში ყველაფერი”.

ნიკა გვარამიას თქმით, მისი და რუსთავი 2-ის მთავარი მოწინააღმდეგე არის ბიძინა ივანიშვილი და არა ქიბარ ხალვაში.



18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print