„გასული ღამიდან მოყოლებული, შენ ნაგავი გახდი“- გულგუნ მამედხანოვა ადრეულ ქორწინებაზე
აზროვნების ანთება
გიულგუნ მამეთხანოვას ბლოგი "ფანჯარაზე"

დარწმუნებული ვარ, როდესაც რომელიღაც მეგობარი ამბობს, მოდი, ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით შეხვედრაზე წავიდეთო, უმრავლესობის პასუხი შემდეგნაირია: „დავიღალეთ ამ თემით“.


თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ფრთხილები უნდა ვიყოთ. ცხადია, ყველას ყელში გვაქვს ეს საკითხი, თუმცა ამის საფუძველი „კარგი ოჯახია, ბიჭი ყოჩაღია, თანაც ვაჭრობს, ბედნიერები იყვნენ, გაათხოვეთ და წავიდეს“ - მსგავსი ფრაზებია, რისგანაც მგონი ჯერ არ დავღლილვართ. წარმოგიდგენიათ, ტკბილ ჩაისაც ვაყოლებთ ამ ამბავს. ჩვენს საზოგადოებაში, მით უმეტეს ახლა, განათლების მიღების პროცესში მყოფ ახალგაზრდებში ახალი დაავადებაა გაჩენილი. რატომ ვამბობ ამას: ერთხელ მეგობრებთან ვუთხარი, რომ ადრეულ ქორწნიებასთან დაკავშირებით ვწერ ბლოგს. საკმაოდ აღშფოთდნენ, მოულოდნელი რეაქცია მივიღე.

„შენნაირების გამო, ჩვენს ერზე ცუდს ამბობენ, რადგან ადრეულ ქორწინებაზე საუბრისას, ყველას აზერბაიჯანელები ახსენდება. მხოლოდ ჩვენთან კი ნამდვილად არაა ეს პრობლემა, ხომ ხედავთ, გოგონები თბილისში სწავლობენ“, - მსგავს წინადებებს ამბობენ სულ. ამას ვინც ამბობს, პრობლების სიცხადეს ვერ ხედავს. მართალია, ნაწილობრივ ნაკლებად ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები, თუმცა მაინც ხდება. ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა: რატომ არ მთავრდება ეს პრობლემა? ყოველ ჯერზე, როდესაც სოფელში მოვდივარ, ახალი ამბავიაო და რომელიღაც ბიჭმა გოგო მოტაცაო, ვიღაცის ნიშნობა არისო და ა.შ. ამბობენ. ამაზე ძალიან მშვიდად საუბრობენ - ვითომ არაფერი.

აქ მგონი ძალიან შესაბამისია ფრაზა „დედ-მამიანი ობოლი“, ამით მგონი ძალიან კარგად გამიგებთ, რას ვგულისხმობ. ჩვენ, როგორც საზოგადოება, ყველაფერს ვფლობთ, თუმცა ვიწრო აზროვნების გამო ჩვენი თავი ობოლად გარდავქმენით. 20 წლის მეგობარი მყავს, დაოჯახებულია. სკოლის პერიოდში ადრეული ქორწინების მსხვერპლი გახდა, მოიტაცეს. შეიძლება ვინმემ თქვას, მერე რა, ეს ისედაც სულ ხდებაო.

იცით, რატომ დავწერე მაინცდამაინც ამაზე? - იმიტომ, რომ ის გოგო თვითონ იღებდა მონაწილეობას ადრეული ქორწინების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში. სოფლებში აქციებს ატარებდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ქალთა უფლებებზე საუბრობდა. ხომ იგრძენით გულის ტკივილი? - ის გოგო დამარცხდა, იგი ჩვენ დავამარცხეთ.

მის ამ ბრძოლას, როგორც თამაშს, უყურეს და მაინცდამაინც იგი მოიტაცეს. მერე იცით რა ხდება? - როგორც ყველა მოტაცებულ გოგოს, აუპატიურებენ. დილით რაც ხდება, ამან უკვე ტრადიციული სახე მიიღო: „უგანათლებულესი“ ქალები გროვდებიან, მიდიან იმ პატარა გოგოსთან, რომელსაც თავი ჯერ კიდევ ცუდ სიზმარში ჰგონია და სხეულის ტკივილს სულშიც კი გრძნობს, და მას ეუბნებიან, უკვე ყველაფერი დამთავრებულია, შენი საქმე დასრულდა, არავინ დაგიცავსო. სად დაბრუნდები? ახლა პოლიციაში დარეკე და უთხარი, რომ შენით მოხვედიო.

იცით, ეს რას ნიშნავს?

„გასული ღამიდან მოყოლებული, შენ ნაგავი გახდი“.

აი, ჩვენ ასეთი საზოგადოება ვართ. ქალი ქალს არ იცავს. ამიტომაც ჯერ კიდევ ნამდვილი შედეგის ლოდინი, თევზის ჰაერზე ცოცხალი დარჩენის მოლოდინის ტოლფასია. აი ზუსტად ამის გამო უნდა ვიბრძოლოთ ადრეული ქორწინების წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ამ შემთხვევაში ვებრძვით ჩვენსავე აზროვნებაში არსებულს, რასაც ტრადიცია დავარქვით...
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები