2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა 14.8%-ით შემცირდა
2019 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა 14.8%-ით შემცირდა და ჯამში 108 214 ადამიანი შეადგინა. 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 127 065 ადამიანს უტოლდებოდა.

თუმცა, 2019 წლის იანვარ-ივლისში შემოსული ტურისტების რაოდენობა ყველა ქვეყნიდან ჯამურად ერთი პროცენტით არის გაზრდილი, რაც წინა წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 198 873-ით მეტ ტურისტს ნიშნავს.

სულ ივლისში რუსეთიდან საქართველოში 159 063 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 169 857 ადამიანს შეადგენდა და ვიზიტორთან წლევანდელ ოდენობას 6.4% -ით აღემატებოდა. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ვიზიტორი არ ნიშნავს ტურისტს. მათი თქმით, ტურისტად ითვლება ადამიანი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს დარჩა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ივლისის თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 1 099 474-ს მიაღწია, აქედან, 217 143 არატურისტული დანიშნულების ვიზიტი იყო. უწყებაში ამბობენ, რომ საერთო ჯამში, 2019 წლის ივლისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5.8%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში ევროპიდან განხორციელდა, სულ, 768 876 ვიზიტი. ეს მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელს 6.5%-ით აღემატება.

ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოვიდა, სულ 555 852. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა, ხუთეული ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანი 175 499 ადამიანი;
რუსეთი 159 063 ადამიანი;
სომხეთი 141 663 ადამიანი;
უკრაინა 25 221 ადამიანი;
ყაზახეთი 13 129 ადამიანი.
გარდა ამისა, საქართველოში ივლისის თვეში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია თურქეთიდან. უწყების ინფორმაციით, ივლისის თვეში ამ ქვეყნიდან საქართველოში 156 136 ადამიანი ჩამოვიდა.

სულ 2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში 4 961 918 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 7.8%-თაა გაზრდილი.

რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტხანს დარჩნენ, მათი ოდენობა იანვარ-ივლისში 2 697 624 იყო, რაც, უწყების ინფორმაციით, 2018 წლის ამ პერიოდის მონაცემზე 198 873-ით (დაახლოებით ერთი პროცენტი) მეტია.

2019 წელს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+22.1%), აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+2.9%) და თურქეთიდან (-0.3%) შედგა.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტურისტული ემბარგო დაუწესა და აკრძალა პირდაპირი ავიარეისები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები