მარნეულიდან 7 მანდატურობის კანდიდატი მოსამზადებელ კურსებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადის
მარნეულიდან 7 მანდატურობის კანდიდატი  მოსამზადებელ კურსებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადის. ორთვიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში , შვიდივე მანდატურს შეეძლება მარნეულის სკოლებში მუშაობა. როგორც ჩვენთან საუბარში მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი სოფიო აბულაშვილი ამბობს,  მანდატურობის მსურველები ორი თვის განმავლობაში მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებს და საკითხებს ეუფლებიან.

ძირითადად აქცენტი კეთდება ისეთ სკოლებზე, სადაც არის მოსწავლეთა დიდი კონტიგენტი  - 200-ზე მეტი მოსწავლე.  აკადემიაში შეისწავლება მანდატურის მიერ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა. ამ ნაწილში შედის სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, არასრულწლოვანთა მართმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები. იმიტომ, რომ  მოგეხსენებათ ,არასრულწლოვანთა მართმსაჯულება გარკვეულ სპეციფიკას ითვალისწინებს. ასევე მომზადებაში შედის თვითონ დანაშაული  თუ რა არის. სამართალდამცავ სისტემასთან როგორ ხდება თანამშრომლობა, მართლწესრიგის დაცვა სკოლაში, დანაშაულის პრევენცია როგორ განახორციელოს მანდატურმა. მანდატურთა ფსიქოლოგიური ასპექტები. ბულინგი, ანტისოციალური ქცევა , რომელსაც განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება. კონფლიქტური სიტუაციების მართვა სკოლაში ,ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები და კომუნიკაცია სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“ - გვითხრა სოფიო აბულაშვილმა კითხვაზე თუ რა ძირითად საკითხებს გადიან აკადემიაში მანდატურობის მსურველები. ამბობს, რომ მანდატურების ვალდებულებაა იცოდნენ თითოეული დარღვევის შემთხვევაში რა დეტალური პროცედურა უნდა განახორციელონ.

მანდატურების მსურველთათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორთვიანი მოსამზადებელი კურსი მაისის თვიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. კანდიდატებს კურსის დასრულებისას გამოცდის ჩაბარება უწევთ. ჩაჭრის შემთხვევაში გადაბარების ერთი უფლება ეძლევათ.

საქართველოში 2000-ზე მეტი საჯარო სკოლაა. მანდატურის სამსახური კი მხოლოდ 486 სკოლაში არსებობს. მარნეულის მასშტაბით მანდატურის სამსახური 8 სკოლაში ფუნქციონირებს და ამ დროისთვის 19 მანდატური გვყავს. სოფიო აბულაშვილის თქმით, დაგეგმილია სხვა სკოლების ჩაბმაც მანდატურის მომსახურების არეალში.

აბულაშვილის თქმით, ახალი მოდული ვრცელდება უკვე მოქმედ მანდატურებზეც, რომლებიც მოსამზადებელ კურსებს ეტაპობრივად გადიან. წელს მსგავსი კურსი თბილისის სკოლებიდან 350-მა მანდატურმა გაიარა. რაც შეეხება რეგიონების სკოლების მანდატურების ჩართვას მოსამზადებელ კურსებში, აბულაშვილის თქმით, მომავალი წლიდან შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.


გარეკანის ფოტო: სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები