სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს
უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს გადააჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 28-32 გრადუსს მიაღწევს, სანაპირო რაიონებში კი, 28-30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა 28-35 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი, მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურამ 35 გრადუსს გადააჭარბოს.

„დაახლოებით 30 აგვისტომდე სინოპტიკური სიტუაცია საქართველოში ძირითადად არ იცვლება. ამინდი უმეტესად განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. შესაბამისად, ჰაერის მასების ცვალებადობიდან გამომდინარე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება განსხვავებული ტემპერატურა. სანაპირო რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 28-30 გრადუსამდე, იმერეთსა და სამეგრელოს ტერიტორიაზე დაბლობში კი, 30-32 გრადუსის ფარგლებში. ამასთან, ზოგიერთ მთიან რაიონში 35 გრადუსამდე დაცხება. მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის სვანეთის ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, 33-35 გრადუსის ფარგლებში მერყეობდეს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება, 36-38 გრადუსს მიაღწიოს. სამხრეთ მაღალმთიან რაიონებში 30-32 გრადუსია მოსალოდნელი, ახალციხესა და ბორჯომში კი, 34-36 გრადუსი”,
– აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ამასთან, უწყებაში არ გამორიცხავენ ცალკეულ დღეებში ხანმოკლე წვიმას, უმეტესად დღის მეორე ნახევარსა და საღამოს საათებში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები