სახალხო დამცველმა მარნეულის „კულტურის ცენტრი“-ს საქმიანობაში რელიგიური დისკრიმინაციის ნიშნები ვერ გამოავლინა
საქართველოს სახალხო დამცველმა მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“-ს საქმიანობაში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები ვერ გამოავლინა.

„კულტურის ცენტრი“-ს მიერ რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სახალხო დამცველის აპარატში განცხადება 2019 წლის პირველ თებერვალს შეიტანა.

„განცხადებაში სამირა ბაირამოვა ,,კულტურის ცენტრი"-ს მხრიდან რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიუთითებდა, ასევე აღნიშნავდა, რომ ,,კულტურის ცენტრი" მუსლიმი თემის არც ერთი რელიგიური დღესასწაულს არ უწევდა ორგანიზებას.“ - წერია სახალხო დამცველის მიერ „კულტურის ცენტრისათვის“ გაგზავნილ დასკვნაში

ბაირამოვა განცხადებაში ასევე განმარტავდა, რომ კულტურის ცენტის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელის მხრიდან ფეისბუქზე გამოთქმული იყო სავარაუდო სიძულვილის ენის შემცვლელი, ქსენოფობიური შინაარსის კომენტარები.

სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მტკიცებულებებით „კულტურის სახლის“ მიერ დისკრიმინაციის ფაქტი არ ვლინდება.

„ასევე სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კულტურის ცენტრის თანამშრომლების მიერ გაკეთებულიი კომენტარები, არ შეიძლება მიიჩნიონ დისკრიმინაციის წამახალისებლად, იმის გათვალისწინებით რომ აღნიშნული კომენტარები არის ზოგადი და არ შეიცავს ძალადობრივ მოწოდებას კონკრეტული პირის ან/და პირთა ჯგუფის მიმართ.“ - წერია სახალხო დამცველის მიერ „კულტურის ცენტრისათვის“ გაგზავნილ დასკვნაში

მარნეულის „კულტურის ცენტრმა“ სახალხო დამცველის დასკვნა დღეს, 11 სექტემბერს, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

სამირა ბაირამოვამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მან დასკვნის შესახებ სწორედ „კულტურის ცენტრის“ ფეისბუქ პოსტის მეშვეობით შეიტყო და ამ ეტაპზე სახალხო დამცველს მისთვის ოფიციალური დასკვნა არ გადაუცია.

რადიო „მარნეული“


Print