ბავშვთა ტრეფიკინგის და პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით 11 პირი დააკავეს
შსს აცხადებს, რომ ევროპოლთან და აშშ-სა და ავსტრალიის საგამოძიებო უწყებებთან ერთად რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად გამოავლინეს არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, საქმეში ბავშვების მშობლებიც არიან გარეული. საუბარია 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვან გოგოზე.

შსს აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

დაკავებული 11-დან ერთი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი — ავსტრალიის, 9 მათგანი კი საქართველოს მოქალაქე. მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

შსს-ის ვერსიით, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა.

„დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა“, — წერს პოლიცია.

შსს-ის თანახმად, ჩხრეკის შედეგად სალონიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.

„დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები“, — აცხადებს შსს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას.

ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით“, — წერია შსს-ის განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები