სოცდაუცველები, პენსიონერები, დევნილები, შშმ პირები და სხვები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
14:16 / 20.09.2019
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და
თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები,
არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან
გათავისუფლდებიან.
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული
კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების,
პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების,
არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების
ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას
ითვალისწინებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 37 350-მდე
საქმეს შეეხება. მოქალაქეებს სულ 23 538 178 ლარის მოცულობის
ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან გათავისუფლდებიან ის
პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15
იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე
დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.
ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ “საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის” 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125-ის
მე-2 პრიმა მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის
პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისთვის თბილისის ადგილობრივი
თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე
დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ
საურავზე.
აღსრულების ეროვნული ბიურო ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ
მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის
შემდგომ 3 თვის ვადაში ეტაპობრივად შეწყვეტს ამ პირების მიმართ
წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში
აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ
განხორციელდება:
დევნილები − 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 607 063 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები − 1 188 სააღსრულებო საქმე,
ჯამურად − 662 281.21 ლარი;
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები −
25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 909 193 ლარი;
ასაკით პენსიონერები − 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 853 933
ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები − 2 083 საქმე, ჯამურად − 1 451
459 ლარი;
მარტოხელა მშობლები − 132 საქმე, ჯამურად − 54 248 ლარი.