საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაამზადეს და 120 000 ლარის გადახდის პირობით, გაასაღეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვით, თითქოსდა ერთ-ერთმა კომპანიამ მეორე მეწარმე სუბიექტს მიაწოდა 298 680 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

წყარო: is.ge
Print