ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი პოლიციაში თავად მივიდა
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, გუშინ, მკვლელობამდე ცოლ-ქმარი სტუმრად იმყოფებოდა, საიდანაც საღამოს შინ დაბრუნდნენ, მოგვიანებით სახლიდან გავიდნენ, გვიან ღამით კი მამაკაცი პოლიციაში თავისი ავტომობილით მივიდა და განაცხადა, რომ ცოლი მოკლა და გვამი მანქანაში იყო. წყაროს ცნობით, ქმარმა ცოლი გაგუდა.

ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომელთაგან 2 ტყუპია.

შსს-ს ცნობით მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყარო: www.radiotavisupleba.ge
Print