სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებების შესუნთქვა წითელსოფლელებს სამ თვეზე მეტია უწევთ
მარნეულის მუნიციაპლიტეტში, წითელსოფელში, მოსახლეობას ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერების შემცვლი ნარჩენი სახლების წინ უყრიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირა“ ავრცელებს.

11 ივლისს, მარნეულში ძლიერი სტიქიური მოვლენის შედეგად, წითელსოფელსა და კიდევ რადმენიმე სოფელში 391 სახლის სახურავი დაზიანდა.

საქართველოს მთავრობამ იმ ოჯახებისათვის ვისი სახლის სახურავიც დაზიანდა, გადასახური მასალის შესაძენად 1 200 000 ლარი გამოყო. მოსახლეობას გადასახური მასალა გადასცეს, მაგრამ მათ სახლის სახურავების შეცლაში არავინ დახმარებია.

წითელსოფელში, სახლების უმეტესობის სახურავი აზბესტის მასალისაგან იყო დამზადებული. აღნიშნული მასალა კი ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველია და მისი ღია წესით გადაყრაც კი აკრძალულია. როგორც „ახალ კვირასთან“ საუბრისას შრომის, მედიცინის და ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ინგა ღვინერიამ თქვა, აზბესტის სახურავის დამტვრევისას ხდება აზბესტის ბოჭკოების გამოყოფა, რომლის ორგანიზმში მოხვედრაც ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევია.

როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სახურავების შეცვლის დაწყებისას მუნიციპალიტეტმა წითელსოფლიდან 14 მანქანა აზბესტის სახურავის ნარჩენი გაიტანა. მერიამ ნარჩენების გატანის სამუშაოები გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე შეაჩერა.

როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, მარნეულსი მუნიციპალიტეტის მხრიდან სამინისტროში ამ თემაზე წერილი უკვე შეტანილია.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე, წერილში დაწვრილებით იქნება აღწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს მისი განთავსება ნაგავსაყრელებზე. ნარჩენები აუცილებლად უნდა შეიფუთოს ისეთი მასალით, რომ მასში წყალი არ შევიდეს და მტვერი გარეთ არ გამოვიდეს. თუ აზბესტს დაამტვრევენ ან დაჭრიან, მოქალაქემ ეს მტვერი არ უნდა შეისუნთქოს“ - გვეუბნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ გვეუბნებიან თუ რატომ არ მოხდა 3 თვის განმავლობაში მავნე ნივთიერების შემცველი ნარჩენების გატანა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები