“პარლამენტმა განაახლა მუშაობა” – არჩილ თალაკვაძე
“პარლამენტმა განაახლა მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც სამართალდამცველების მიერ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო.

თალაკვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ დააგროვა, ეს ცვლილება ძალაში შედის 2024 წლიდან, რაც “ქართული ოცნების” მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია.

“იმ ფაქტმა, რომ საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივამ, გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების ერთი ნაწილის უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება, რომელიც განუხრელად იყო და იქნება დაცული. რაც სამწუხაროა, არის ის, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო 2 დღის განმავლობაში. საუბარი მაქვს პარლამენტის ბლოკირებაზე”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ის გუშინ საღამოს დაუკავშირდა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და სთხოვა მათ, კანონმდებლობის ჩარჩოებში დაბრუნებულიყვნენ.

“შევთავაზე მათ, რომ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია, დაგვებრუნებინა პოლიტიკური პროცესი, გაგვემართა პოლიტიკური დებატები და ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ საკუთარი პოზიციები და აინტერესებთ ჩვენი პოზიცია, გამოვთქვი მზადყოფნა, ეს ყველაფერი მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ბიუროს წევრებს აჩვენა პარლამენტის პიკეტირების დროს აქციის მონაწილეების მიერ შენობის შესასვლელებზე დადებული ბოქლომები და თქვა, რომ მათ სიმბოლურად ოპოზიციას გადასცემს.

“საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პირდაპირ ეთერში ბოქლომი დაადო პარლამენტის ჭიშკრებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ბოქლომი დაადეს მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს, ქვეყნის თავისუფლების იდეას. ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე. ამიტომ მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომებს და მათ ღირებულებებს მოქალაქეების სახელმწიფოს მიმართ. ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი ვეღარასოდეს დაადებენ ბოქლომს მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფო საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, ვერც პარლამენტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: ნეთგაზეთი
Print