მათი 78%, ვისაც პროპორციულზე სმენია, სისტემას მხარს უჭერს – IRI-ის კვლევა
09:44 / 19.11.2019
IRI-ის დაკვეთითა და USAID-ის დაფინანსებით
ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უმრავლესობა ემხრობა
სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას,
რაც
მმართველი გუნდის დაპირება იყო, თუმცა პარლამენტში იმავე უმრავლესობამ
ჩააგდო.
კვლევის თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე
მოსახლეობის 68%-ს სმენია. მათი 78 პროცენტი, ვისაც ამ სისტემის
შესახებ სმენია, აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს, 9%
ეწინააღმდეგება, ხოლო 13 პროცენტს პოზიცია არ აქვს.
58 პროცენტი აცხადებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა
საქართველოში დემოკრატიულ განვითარებაზე პოზიტიურად იმოქმედებს, 9
პროცენტის აზრით, ეფექტი ნეგატიური იქნება, ხოლო 33%-ს ამ ეტაპზე
პოზიცია არ აქვს.
კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და
USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup
Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი.
ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.