ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა რელიგიურ ორგანიზაციების ლიდერებმა და წარმომადგენლებმა ნატოში და ევროპარლამენტში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს
რელიგიური კონფესიების ლიდერები და
წარმომადგენლები ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ვიზიტით
იმყოფებიან.
„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის
ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ვიზიტის ფარგლებში რელიგიურ კონფესიების
წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის და ნატოს
ოფისებში შეხვედრები გამართეს.
ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან, ევროპარლამენტის წევრებთან და სხვა
მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრისას სასულიერო პირებმა
საქართველოსათვის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს
(მათ შორის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ სფეროში არსებულ
პრობლემებზე).
შეხვედრებზე მონაწილე მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა და მუფთებმა
საქართველოში მუსლიმური თემის მდგომარეობაზე, არსებულ და პოტენციურ
პრობლემებზე ისაუბრეს. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოში
განსხვავებული ეთნოსის და მიმდინარეობის მუსლიმები ისტორიულად დღემდე
ძმურად და მეგობრულად თანაცხოვრობდნენ, სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფები
ბოლო პერიოდში ცდილობენ, რომ ეს ისტორიული ტრადიცია მოშალონ,
მუსლიმები დაყონ ეთნიკურ და მიმდინარეობების ჯგუფებად, საბოლოო ჯამში
ისინი დააპირისპირონ ერთმანეთს.
შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა
საქართველოში ახალი მეჩეთების მშენებლობის კუთხით არსებულ
პრობლემებზე, რაც მუსლიმ მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ. მან აღნიშნა,
რომ მუსლიმები სამლოცველოების მშენებლობისათვის ნებართვას ვერ იღებენ,
რის შედეგადაც მათი ლოცვის და ღვთისმსახურების შესრულების უფლებები
ირღვევა. შეიხმა აგრეთვე ისაუბრა იმ ფაქტებზე, რომ ოფიციალურად
მშენებლობის ნებართვის ვერ მიღების შედეგად გარკვეული ჯგუფები,
რომლებსაც დაუდგენელი წყაროებიდან აქვთ ფინანსური მხარდაჭერა
სარგებლობენ აღნიშნული მდგომარეობით, ყიდულობენ კერძო სახლებ და
შემდეგ მას სამლოცველოს დანიშნულებით იყენებენ.