„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, უწყების ცნობით, „ქართული ოცნების“ ოფისთან დღეს გამართული კონტრაქციების დროს არავინ დაუკავებიათ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები საღამოს შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ მცხეთაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაშავდა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

„ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ახალგაზრდებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

წყარო: პირველი არხი
Print