2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა ქორწინების ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, რომელთა შორისაც 14 და 15 წლის მოზარდებიც არიან
2018-2019 წელს ადრეული ქორწინების თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯამში 195-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან 3 არასრულწლოვანი 2005 წელს იყო დაბადებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, სააგენტოში ადრეული ქორწინების თაობაზე 2019 წელს შესულია 80 შეტყობინება. აქედან 2001 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე– 21 შეტყობინება; 2002 წელს დაბადებულზე - 33; 2003 წელს დაბადებულზე 17; 2004 წელს დაბადებულებზე – 7; 2005 წელს დაბადებულებზე - 2;

რაც შეეხება რეგიონებს, 2019 წელს იმერეთში ადრეული ქორწინების თაობაზე 18 მიმართვა დაფიქსირდა; კახეთში 14; შიდა ქართლში - 10; ქვემო ქართლში - 8; სამცხე-ჯავახეთში - 6; სამეგრელო ზემო-სვანეთში - 6; აჭარაში - 6; მცხეთა-მთიანეთში - 6; თბილისში - 5; ხოლო გურიაში - 1;

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ადრეული ქორწინების თაობაზე 2018 წელს ცენტრში შესულია 115 შეტყობინება. აქედან 1999 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე – 1 შეტყობინება. 2000 წელს დაბადებულზე - 20 შეტყობინება, 2001წელს- 40 არასრულწლოვანზე; 2002 წელს – 40 არასრულწლოვანზე; 2003 წელს – 9 არასრულწლოვანზე; 2004 წელს - 4 არასრულწლოვანზე; 2005 წელს – 1 არასრულწლოვანზე;

რაც შეეხება რეგიონებს, 2018 წელს იმერეთში 29 ადრეული ქორწინების თაობაზე მიმართვა დაფიქსირდა; კახეთში - 17; თბილისში - 17; ქვემო ქართლში - 15; აჭარაში - 12; სამცხე-ჯავახეთში- 10; სამეგრელო ზემო-სვანეთში - 7; შიდა ქართლში - 4; მცხეთა-მთიანეთში - 2; გურიაში -2;

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს, როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო წესით გამოთხოვნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150 მუხლებით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში; თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და ქორწინების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის 176 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი უკავშირდებოდა ბავშვობის ასაკში ქორწინებას. აქედან, შსს-ის ინფორმაციით, 76% ეხებოდა კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), 19% -კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), ხოლო 5% - კოდექსის 150 მუხლით (ქორწინების იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს.

უწყების ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ამ მუხლით გამოძიება ყველაზე ხშირად ქვემო ქართლში დაიწყო, ყველაზე ნაკლები ოდენობით კი მცხეთა-მთიანეთში. რაც შეეხება ქორწინების იძულების შემთხვევებს, როგორც შსს-ში განმარტავენ, ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულებიდან, 5% უკავშირდება ქორწინების იძულებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, მარნეულსა და თეთრიწყაროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 2019 წლის ანალოგიური სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ამ ეტაპზე, სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში არ განხორციელებულა.

რაც შეეხება ცალკეულ სტატისტიკურ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს იანვარ-სექტემბერში ქორწინების იძულების მუხლით გათვალისწინებულ 4 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ამ მუხლით გამოძიება 105 შემთხვევაზე დაიწყო. 2018 წელს კი ამავე მუხლით 201 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები