საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ახმაჯთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
ოკუპირებული ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.

დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს. დანარჩენი სამი დაკავებული კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.

დაკავების შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.

ფაქტი საქართველოს პირველ არხს სოფელ ბოჟამში კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

„დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო. 15 წლის არის და ის მამასთან ერთად იმყოფებოდა. შესაძლოა, ტყეში შეშაზე იყვნენ. დანამდვილებით არ შემიძლია, გითხრათ. მოზარდი მალევე გამოუშვეს, ცხინვალში აღარ გადაუყვანიათ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა გელა ქარუმიძემ.

ლამისყანაში მცხოვრებ გიორგი ზარიძეს, სოფელ ბოჟამში მცხოვრებ მერაბ და ემზარ გამხიტაშვილებს დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება. ისინი ცხინვალის ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

როგორც საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი მკვიდრის უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აღნიშნავენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები