საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ინციდენტი მოხდა, დაშავდა საქართველოს მოქალაქე – შსს
ტელეკომპანა “მთავარის” ინფორმაციით, გარეჯის უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელმა მესაზღვეებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს.

“მთავარი” მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. ერთის მიხედვით, მწყემს ცხვრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაექცა, სადაც გადავიდა და მესაზღვრეებმა ესროლეს; მეორე ვერსიით, მესაზღვეებმა ძაღლს დაუმიზნეს, თუმცა ტყვია მწყემსს მოხვდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ამჟამად განჯის საავადმყოფოში მკურნალობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას “ინციდენტის შესახებ”, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე დაზარალდა, თუმცა არ აკონკრეტებენ, საზღვრის რომელ მონაკვეთზე მოხდა ინციდენტი, რეალურად იყვნენ თუ არა მასში ჩართული აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და სხვა.

“საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი მოინახულეს შსს-ს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველი ორგანოები”,
– უთხრეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები