შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება
22:33 / 12.12.2019
შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს
მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა
ვაკანტური ხდება.
თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი
სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია. თადუმაძის წინააღმდეგ
ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.
ასევე ვაკანტური ხდება გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის
თანამდებობა. მამუკა ვასაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო
მოსამართლედ პარლამენტმა აირჩია, პირველი მოადგილის პოსტს 2015 წლის
30 ნოემბრიდან იკავებდა.
შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2018
წლის 16 ივლისს აირჩია. თადუმაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე
ირაკლი შოთაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 31 მაისს, ხორავას
ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა.
შალვა თადუმაძეს 2012-2018 წლებში ეკავა საქართველოს მთავრობის
საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. 2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის
ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას. 2017 წელს იყო საქართველოს
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2018 წლის 16 ივლისამდე
მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის
თანამდებობაზე.