გიორგი გახარია ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება. შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტი გუშინ სუამ-ის სამიტში მონაწილე პრემიერ-მინისტრებს სამიტის დაწყებამდეც შეხვდა, დღეს კი უკრაინის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის პირისპირ შეხვედრა შედგება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარიას უკრაინელი კოლეგა ოლექსი გონჩარუკი და უმაღლესი რადას თავმჯდომარე, დმიტრი რაზუმკოვი უმასპინძლებენ.

დღესვე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას – „პარტნიორული თანამშრომლობისა და პარტნიორული თანამშრომლობის უმაღლესი ორგანოს დებულებისა და რეგლამენტის შესახებ“, რომელიც უკრაინასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ინსტიტუციურ დონეზე განსაზღვრავს.

საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა და პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინასთან უმაღლეს დონეზე თანამშრომლობა.

„ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან. შეხვდებით უკრაინის უმაღლესი რადას ხელმძღვანელობას. ასევე, შევხვდებით პრემიერ-მინისტრს. ეს არის ორმხრივი ფორმატები. მნიშვნელოვანია, რომ უმაღლეს დონეზე გვაქვს თანამშრომლობა და კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბრებთ ამ შეხვედრების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს საქართველოდან პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინაში პრემიერ-მინისტრის დონეზე.

წყარო: პირველი არხი
Print