მარნეულის საოლქომ გაყალბებული ოქმი გააბათილა რის შედეგადაც ოცნებამ 300 ხმა დაკარგა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 3 ნოემბერს, N67 უბნის შემაჯამებელ ოქმში ცვლილებების შეტანას დაუჭირა მხარი.

N67 უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამ უბანზე არჩევნებში მონაწილეობა 828 ამომრჩეველმა მიიღო. ხმების ნახევარზე მეტი კი პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მიიღო. პროპორციული სიით, „ქართულმა ოცნებამ“ 462 ხმა აიღო, ხოლო ზაურ დარგალმა 473.

შემაჯამებელი ოქმის მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა ატვირთული. ოქმებს N67 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ახსნა-განმარტებითი ბარათები აქვს დართული რომელთა მიხედვითაც ოქმში, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, ზაურ დარგალსა და „ქართულ ოცნებას“ რეალურ შედეგზე 300-ით მეტი ხმა აქვთ დაწერილი.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს უბნების დახურვის შემდგომ შემაჯამებელი ოქმების შედგენისას პროპორციული სისტემით კენჭისყრის ოქმის N4 გრაფაში მივიღეთ რიცხვი - 528 ხოლო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მიღებული ხმების გრაფაში - 162. მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო სისტემით კენჭისყრის ოქმში კი 4 გრაფაში მივიღეთ იგივე მონაცემები - 528. ხოლო N41 რიგითი ნომრის კანდიდატის გრაფაში - 173. მითითებული მონაცემებით დავასრულეთ ოქმები დავამოწმეთ კომისიის ბეჭდით და გავეცით უბნებზე მყოფ პირებზე. აღნიშნულის შემდგომ მოვიდა კომისიის თავმჯდომარე დავიწყეთ ინვენტარის შეგროვება და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვა რა დროსაც შესაბამისი ოქმები სარეგისტრაციო ჟურნალთან ერთად იდო მაგიდაზე. უბანზე იყო ხალხმრავლობა და არეულობა რა დროსაც სავარაუდოდ შეცვლილი იქნა მონაცემები ოქმებში. ვინ და რა ვითარებაში შეცვალა ოქმების მონაცემები ჩემთვის უცნობია. მითითებული ცვლილება არ შემიმჩნევია“. - წერია N67 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ალი დურახანოვის ახსნა-განმარტებაში

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ N67 უბნის შედეგების პირვანდელი ვარიანტით ჩასწორებას დაუჭირა მხარი. მათი გადაწყვეტილების შესაბამისად, N67 უბანზე ზაურ დარგალმა 173 ხმა მიიღო, პროპორციულში „ქართულმა ოცნებამ“ 162 ხმა. საბოლოო შედეგების შესაბამისად, აღნიშნულ უბანზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო და არა „ქართულმა ოცნებამ“.

კომისიის სხდომის მსვლელობისას კომისიის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა ქველაძემ კომისიის თავმჯდომარე ანი ილურიძე N67 უბანზე ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა. მისი განმარტებით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ოლქში შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პერიოდში ოლქის ტერიტორია სპეციალურად დატოვა და N67 უბანზე კენჭისყრის მონაცემების გაყალბებისათვის წავიდა.

„როდესაც ითვლიდა საოლქო კომისია ხმებს მიხვდნენ, რომ პირველივე ტურში ვერ დებდა შედეგს ზაურ დარგალი და ამ გადაკეთებული ციფრებით 67-ე და მე-18 უბნები ყოფნის, რომ მეორე ტური არ დანიშნულიყო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ 20:00 საათის შემდეგ, როდესაც დაიხურა საარჩევნო უბანი დაახლოებით 9-10 საათისთვის, აღნიშნულ უბანზე ბრძანდებოდა ჩვენი ოლქის თავმჯდომარე. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან გასცა ეს დავალება, რომ ერთიანი გადაეკეთებინათ ოთხიანად“ - განაცხადა ლაშა ქველაძემ

ქველაძის განცხადება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანი ილურიძემ ცილისწამებად შეაფასა.

N67 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმებთან დაკავშირებით, 2 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს სისხლისსამართლებრივი დავის დასაწყებად.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები