შარშანდელი იტალიური, მილიონიანი ნაძვის ხის მორთვა-გაფორმება ბიუჯეტს 195 800 ლარი დაუჯდება
თბილისის მერია გასულ წელს იტალიაში, მილანში მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხის გადაკეთებას გეგმავს, რაც ბიუჯეტს 195 800 ლარი დაუჯდება. ეს თანხა ხის "მორთვა-გაფორმებაში" დაიხარჯება.

ნაძვის ხის გასაფორმებლად თავდაპირველად მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ჩაიშალა და ამჯერად დამატებით აქსესუარებს გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძენენ. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მორთვა-გაფორმებაში 103 850 ლარი დაიხარჯება, 70 ცალ ნათურასა და 21 მეტრი სიგრძის გირლიანდაში — 70 950, სტრინგი კაბელის შეძენა კი ბიუჯეტს 21 ათასი ლარი დაუჯდება.

თბილსერვის ჯგუფსა და შპს ღამის შოუ სტუდიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ საქონლის მიწოდება და თანმდევი მომსახურების გაწევა 4 დეკემბრამდე უნდა მოახდინოს.

საზოგადოების კრიტიკას ხარჯებთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ პერფორმანსით უპასუხა. მან ფეისბუქლაივი ჩაბნელებული პარკიდან გაუშვა და ხალხს ჰკითხა, მოსწონდათ თუ არა ეს.

"ყოველწლიურად ბიუჯეტი, დაახლოებით, 11-12 მილიონ ლარს ხარჯავს. ანუ რა არის ჩვენი მიდგომა, რომ ქუჩებიც ჩავაბნელოთ? აღარ გადავიხადოთ ეს 12 მილიონი იმისთვის, რომ ქალაქი ღამით ულამაზესი იყოს? მეგობრებო, დიდებო, პატარებო, თბილისელებო, დედაქალაქის სტუმრებო, მინდა ყველას გითხრათ, რომ გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში, თუმცა იქნება მოკრძალებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნება ულამაზესი", — აღნიშნა კალაძემ.

2019 წლის ნაძვის ხე, რომელიც მერიამ ტენდერით იყიდა, სოციალურ ქსელებში კრიტიკის საგანი მაშინვე გახდა. მოსახლეობამ ხის მეჩხერი ტოტები და სათამაშოების სიმწირე დაიწუნა. მაშინ ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, ამ კომპანიის წარმოებული სათამაშოებით გაფორმდა თბილისის ქუჩების ნაწილიც. ნაძვის ხეს, რომელიც ბიუჯეტს მილიონ ლარამდე დაუჯდა, ერთწლიანი გარანტია ჰქონდა.

წყარო: On
Print