ჩაკეტილი საზღვარი და დაცარიელებული მაღაზია- ოჯახური ბიზნესის დასასრული პანდემიის დროს
სოფელ კირეჩ მუღანლოში მცხოვრები 45 წლის ჰაბილ მამედოვის მაღაზიაში უკვე 7-8 თვეა რაც ვაჭრობა აღარაა.

ჰაბილის სავაჭრო ობიექტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს, მისი კლიენტების უმეტესობა კი აზერბაიჯანიდან გადმოსული მოქალაქეები იყვნენ. ჰაბილის თქმით, მაღაზიის დახურვა კორონავირუსის გავრცელების გამო საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია. დღეისათვის ჰაბილის მაღაზიაში მხოლოდ სარეცხი საშუალებები, რამდენიმე წყლის ბოთლი და წვენებია შემორჩენილი.

„მაღაზია მაქვს, პროდუქტების გაყიდვით ვარ დაკავებული, მაგრამ 2020 წლის თებერვლის შემდეგ, კორონავირუსის გამო არსებული აკრძალვების გამო, საზღვრები ჩაიკეტა. ჩემს მაღაზიაში ნელ-ნელა ვაჭრობა შესუსტდა. ხედავთ, რომ მაღაზიაში არაფერი არაა, იმიტომ, რომ მყიდველი არაა და მეც ვერ ვყიდულობ ვერაფერ რომ შემდეგ გავყიდო. ადრე საზღვარი იყო ღია, აზერბაიჯანიდან ბევრი ხალხი ჩამოდიოდა. მათ გამო ჩვენი ვაჭრობა კარგად მიდიოდა. ამჟამად არაფერი შეგვიძლია. სოფელში სხვა მაღაზიებიც არის და საერთოდ არაას ვაჭრობა. კორონავირუსამდე დღეში 300-500 ლარის, ხანდახან 700-800 ლარის ვაჭრობა მქონდა. ახლა დღეში 25 ლარიც არ მაქვს. ახლა უბრალოდ რაც დამრჩა იმის გაყიდვა მინდა რომ სახელმწიფოს გადასახადი დავფარო და მეც მომიწევს მაღაზიის დაკეტვა.“


პროდუქტებით ვაჭრობასთან ერთად მამედოვი მანქანის საბურავებსაც ყიდდა. ავტომობილის საბურავები გერმანიიდან ჩამოჰქონდა და ძირითადად აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ყიდდა, მაგრამ უკვე აღარ იცის თუ სად წაიღოს 4 000 ცალი საბურავი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამდე შეიძინა.

„გერმანიიდან მოვიტანე 2 სატვირთო მანქანით დაახლოებით 4 000 საბურავი და ეზოშია დარჩენილი. ამის გადასახადი დასაფარი მაქვს. საზღვარი ჩაკეტილია და ასე ამიტომ დარჩა. ამჟამად იმასაც ვერ ვიტყვი თუ რამდენი ზიანი მივიღე. სახელმწიფოსაგან მხოლოდ ერთხელ მივიღე 300 ლარიანი დახმარება“

ჰაბილს მაღაზიასთან ერთად სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაც აქვს. საზღვრის ჩაკეტვის და ბიზნესის გაჩერების გამო მან სოფლის მეურნეობაში აქტიურად დაიწყო მუშაობა. ყვავილოვანი კომბოსტო მოიყვანა, მაგრამ ვერ გაყიდა. შემდეგ პომიდორი დათესა, მაგრამ მყიდველი მაინც არ იყო.

„მეურნეობითაც ვარ დაკავებული. ყვავილოვანი კომბოსტო გავაკეთეთ. ადრე კილო 3-4 ლარი ღირდა და იაფად გავყიდეთ. მერე პომიდორზე გადავედით და ისიც ვერ გაიყიდა. არავინ არ მოდის და ვინც მოდის ისეთ ფასს გვეუბნება რომ არ ღირდა გაყიდვა. ერთადერთი შემოსავალი მამის პენსიაა. მაღაზიაც ვერ ფარავს ყოველდღიურ საჭიროებას.

არ ვიცი, სახელმწიფოს მივმართო და რა ვთხოვო? ეს მოვლენა მთელ მსოფლიოში ხდება. სახელმწიფო დახმარების პროგრამას თუ შექმნის ჩვენც ვისარგებლებთ“
- აცხადებს ჰაბილ მამედოვი

კორონავირუსის გავრცელების გამო სახელმწიფოებმა შეზღუდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიმუშავეს. ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა საზღვრების ჩაკეტვა იყო. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი 14 მარტიდან დღემდე, 20 ნოემბრამდე, ჩაკეტილია.


რადიო "მარნეული"
Print