ნათია მეზვრიშვილი გადადგა
მთავრობის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუკზე გაავრცელა.

ამ განცხადებაში მეზვრიშვილი გადაწყვეტილების მიზეზზე არ წერს, თუმცა, ამბობს, რომ 3-წლიანი საქმიანობის შემდეგ, საჯარო სამსახურს ტოვებს.


მეზვრიშვილი პრემიერის აპარატის უფროსად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის იმდროინდელი შს მინისტრის მოადგილე იყო. მოადგილედ ის 2017 წელს დაინიშნა და ამ პოზიციაზე 2019 წლის სექტემბრამდე იმუშავა. მან უწყება გიორგი გახარიასთან ერთად დატოვა.

შსს-ს ცნობით, 2007-2009 წლებში ნათია მეზვრიშვილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.

2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ, ის იყო: საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.

2013 წლის დეკემბრიდან იგი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ნათია მეზვრიშვილი არის მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.

წყარო: ნეტგაზეთი
Print