პოლიციამ ქვემო ქართლში 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


წყარო: police.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები