“ოცნების” მხარდამჭერი აღარ ვიქნები, გუნდთან ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება — ივანიშვილი
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პარტიიდან წასვლის შემდეგ გუნდს კონსულტაციებს აღარ გაუწევს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

“მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან, ლიდერების ნაწილმა. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, თუ რადგან სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე”, — განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ის არც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იქნება.

“ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვავება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრეც როგორც ვამბობდი და ისე ვაკეთებდი, დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ როგორც ვამბობ, ასე შევასრულებ”, — განაცხადა ივანიშვილმა.

გუშინ, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ივანიშვილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. გუშინვე პარტიაში განაცხადეს, რომ ივანიშვილს “ქართული ოცნებაში” ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.
წყარო: ნეტგაზეთი
Print