მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდები 1-ელი თებერვლიდან განახლდება – მომსახურების სააგენტო
შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სერვისი, რომელიც შეზღუდული იყო, 1-ელი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას.

შესაბამისად მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.

ასევე აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.

1-ელ თებერვლამდე დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ​მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად შეუძლიათ. ამ პროცედურების განხორციელება კი მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს არის შესაძლებელი.​

მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში, კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print