რელიგიური გრძნობების პოლიტიკური ელფერი
"ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია” - ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას (წერილს), რომლის ერთი ნაწილი კრიტიკული მედიის მისამართითაც იყო გაკეთებული. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადება დისკრიმინაციულია და მუსლიმური თემის შეურაცხმყოფელი. შეიძლება ითქვას, რომ მარნეულში საკითხის განხილვა და ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფეისბუკზე აზრს აქტიურად აფიქსირებდნენ.





განცხადებას შეურაცხყოფად აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ახმედ იმამყულიევიც



ქრთველ-მუსლიმთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი, ტარიელ ნაიკაიძე არ თვლის, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება რაიმე ფორმით შეურაცხმყოფელია. მისი თმით, აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი, თუ რა კატეგორიის ადამიანები აპროტესტებენ ამ მიმართულებით.
MarneuliFM · ტარიელ ნაკაიძის კომენტარი

„ბევრი მაგალითი გვაქვს 2013 წლის შემდგომ რელიგიური დისკრიმინაციისა და ამ ადამიანების არანაირი ხმა არ გვსმენია. სწორედ ეს გვათქმევინებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშაც. ცდილობენ თავისუფალი მედიის და მისი წარმომადგენლების მიმართ განახორციელონ მართლაც დისკრიმინაცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება და შესაბამისად, მისი დაცვა. დავანებოთ წარსულს თავი და ავიღოთ ის, რაც დღეს ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეჩეთზე თავდასხმა და ახალგაზრდების ფიზიკური დაზიანება, ამაზე არავინ საუბრობს. მიგვაჩნია, რომ საქართველოში არსებული მრავალფეროვნება არის სახელმწიფოს მთავარი საყრდენი და მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ის რაც „ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია“ ნიკა გვარამიას მიმართ, მე ვფიქრობ აფსურდია და ჯობია გამახვილდეს ყურადღება ისეთ თემებზე, რაც რეალურადაა პრობლემა ქვეყანაში“

ფილოლოგი, ოქტაი ქაზუმოვიც მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას ფრაზას არ გააჩნია ნეგატიური კონტექსტი ისლამის ან მუსლიმების მიმართ. დისკრამინაციულად აღქმული შესაძლოა დაკნინების შემთხვევაში ყოფილიყო აღქმული.
MarneuliFM · ოქტაი ქაზუმოვის კომენტარი

„ჩემი და სხვა კომპეტენტური ხალხის აზრით აქ შეურაცხმყოფელი არაფერი იყო. შეიძლება ითქვას, რომ არ იყო წარმატებული ხუმრობა როგორც ასეთი, მაგრამ ცალკე აღებული, შეურაცხმყოფელი ისლამისა და მუსლიმებისა, არაფერია მანდ“

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას ფრაზა გამოხატვის თავისუფლებაში სრულად ჯდება და გამონათქვამი არ შეიცავს სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფას ან შუღლის გაღვივების მოტივს.
MarneuliFM · მაკო ღავთაძის კომენტარი

„ვფიქრობ, რომ უფრო პოლიტიკური ელფერი შეიძინა ამ განცხადების კრიტიკამ იმ ფონზე, როდესაც რეალური პრობლემები ხდება მუსლიმების წინააღმდეგ. იგივე, წინა დღეებში რაც ხდებოდა გურიაში და წინა წლებშიც მასშტაბური დევნა მუსლიმების, რომ არაფერი ვთქვათ სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ. თუ მუსლიმები არის აქ მთავარი წუხილის საგანი, მაშინ მე არ მახსენდება ვთქვათ ზოგიერთი მათგანისგან კრიტიკული შეფასებები, გამოხმაურება და ადვოკატირება ამ პრობლემებზე, როდესაც ადამიანებს დევნიან, ლოცვას უშლიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ეს არის რეალური პრობლემები“

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს ურთიერთდაპირისპირება დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ჩხუბის მიზეზი ერთ - ერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.


Print