შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ განზრახ მკვლელობის
ბრალდებით ახმეტის მუნიციპალიტეტში 1 პირი დააკავეს – 1975 წელს
დაბადებული ხ.გ.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ახმეტის
მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში (პანკისის ხეობაში),
ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ
ი.ქ-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და
მიიმალა.
მიღებული ჭრილობების შედეგად, მოქალაქე შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ
პანკისის ხეობაში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ
დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის— სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
პანკისის სათემო რადიოს ცნობით, დაღუპული არის 40 წლის იბრაჰიმ
ქავთარაშვილი, ხოლო ბრალდებული მისი მეზობელია, — სიმონ მარგოშვილი,
იგივე ხიზირ გაურგაშვილი.