“თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ” — მელიას წერილი საპატიმროდან
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც 23 თებერვალს პარტიის ოფისზე შტურმის შედეგად დააკავეს, საპატიმროდან წერილს ავრცელებს.

მელიას გამოგზავნილი წერილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ წაუკითხა.

“ნეტგაზეთი” მელიას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს და თავისუფლებისმოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ, მიხარია, რომ არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა.

ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხვოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ 4 კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს.

ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გავქვს მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლიტპოლარიზაციის პროცესი, გვქიონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას.

დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავიფულებას. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძალისმიერი შტურმის დროს გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავისი და არაფრის, ვინც იდგა ჩვენ გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს.

ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისის სახელმწიფოს გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ.

2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად, ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვებისა და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ, ერთიან ქართული სახელმწიფოს იდეას.

ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მას, ვინც სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით, მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, კრიზისში ახალი პასუხების პოვნით და ისევ მხოლოდ ერთიანობით.

მე მინდა, ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ და ვიაროთ ერთად, დაბრკოლებების გარეშე თავისუფლად. მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. სამშობლოს სიყვარულისა და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვერთეს და 40 ათას ლარათ იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს. თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ.

დღეს, საკნის 4 კედელი სწორედ, თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა. მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის თავისუფლება არ ღირს 40 ათასი ლარი. ეს არცერთი ადამიანის არცერთი ჯგუფის და მითუმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის.

ახლა დგება წუთი, როდესაც მოქალაქეები ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.მე დღეს პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნა, ან დღეს ვერ გაიგებს, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს კითხვაზე პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან.

ვარ მართალი, ვარ მხნედ. ვარ ციხესი, მაგრამ ვარ თავისუფალი. ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან იმიტომ, რომ უკეთესი საქართველო იწყება ახლა აქ და დღეს. ჩვენი მომავალი ბევრად უკეთესია, არ დავნებდებით და შევშინდებით ამ მიზნის მიღწევამდე. ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად, გავრილოვის ღამე აუცილებლად გათენდება და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ”.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები