ერევანში ფაშინიანის მოწინააღმდეგეები მთავრობის შენობაში შევარდნენ
ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, მთავრობის შენობაში შევარდნენ, სადაც რამდენიმე სამინისტროა განთავსებული.

ოპოზიციონერებმა აქცია ფოიეში გამართეს, რომელიც ქვედა სართულზე მდებარეობს. მათ უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა ფაშინიანის მომხრეების აქციებში. მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ ლოზუნგების შემდეგ მათ შენობა დატოვეს.

”ჩვენ ვასრულებთ ჩვენს აქციას. ჩვენი მიზანი იყო, ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერ სამინისტროში შეგვიძლია შესვლა",
- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.


მანამდე ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სომხეთის შიდა და გარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი შეხვედრას არ ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, რომელმაც მანამდე მისი გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობას არ შეუძლია, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები ხალხისთვის კრიზისულ ვითარებაში. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენერალური შტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა კი ქვეყნის პრეზიდენტს არმიის გენშტაბის უფროსის გადადგომის მოთხოვნით მეორედ მიმართა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები