ქვემო ქართლში ახალგაზრდების დასაქმების უნარების განსავითარებლად კონკურსი გამოცხადდა
ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდის მიზნით ქვემო ქართლის რეგიონში პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ დაიწყო.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქვემო ქართლში პროექტის დირექტორმა ქამრან ეფენდიევმა განაცხადა, რომ პროგრამა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„პირველი წელი ძირითადად სამუშაო ეტაპი იქნება. ახლა, 15 მარტამდე, გამოცხადებული გვაქვს განაცხადი მსურველებისათვის. შევსებული განაცხადების მიხედვით დავინახავთ თუ ვის რა მიმართულებით უნდა კურსის გავლა, ვნახავთ მათ სუსტ მხარეებსაც და იმის მიხედვით მეორე წლიდან დავიწყებთ კოლეჯებთან თანამშრომლობას. ყოველ წელს ჩვენ სამ ახალგაზრდას დავაფინანსებთ და კოლეჯში იმ პროგრამაზე სწავლის საფასურს გადავუხდით, რომელიც მისთვის ყველაზე მისაღები იქნება, ამის შემდეგ უკვე შევეცდებით, რომ ჩვენი გადამზადებული ბენეფიციარებისათვის სამუშაო ადგილიც ვნახოთ“ - გვითხრა ქამრან ეფენდიევმა

ეფენდიევის განმარტებით, პროექტის მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არაა და განაცხადების შევსება 15-დან 29 წლამდე ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება.

„ჩვენ შევეცდებით რომ მოწყვლად ადამიანებამდე მივიდეთ, ისეთ სოფლებში სადაც სკოლის გარდა სხვა აქტივობები არ არის, არაა ცენტრები სადაც არაფორმალური განათლების მიღება იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ მივიდეთ ამ ჩაკეტილ სოფლებში, ჩაკეტილ სივრცეებში და უფრო კარგად დავინახოთ ახალგაზრდების პრობლემები და საჭიროებები“

პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველმა ახალგაზრდებმა კონკურსში განაცხადები 15 მარტამდე უნდა შეიტანონ. კონკურსის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ეთნიკურ უმცირესობებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, სამუშაო გამოცდილების არმქონე და სხვა დაინტერესებულ პირებს.

„პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შრომის ბაზრის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; იმ უნარ-ჩვევების განვითარების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს სჭირდებათ, ერთი მხრივ, სამუშაოს დასაწყებად, ხოლო, მეორე მხრივ, სამუშაოს შესანარჩუნებლად და შემდგომი კარიერული განვითარების ხელშესაწყობად“ - აღნიშნულია საკონკრსო განაცხადში

კონკურსი ცხადდება პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „განათლება დასაქმებისთვის“ (SKills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ. პროგრამა საქართველოს ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ხორციელდება. ქვემო ქართლში პროექტის კოორდინატორია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“.

დაინტერესებულ პირებს საპროექტო განაცხადის შევსება ამ ბმულზე შეეძლებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები