“ჩემი აზრია, რომ არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე” — სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი აზრით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის მოდელს არ უნდა დათანხმდეს.

სააკაშილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა და რომც წააგოს ხელისუფლებამ პლებისციტი, კიდევ ექნებათ რამდენიმე თვე ამომრჩევლების მოსასყიდად და დასაშინებლად:

“ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი. პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რომელიც რამდნეიმე თვის შემდეგ არის, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება კიდევ რამდენიმე თვე და ის აუცილებლად წააგებს პლებისციტს, რათა მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და რაც მთავარია, ქვეყნიდან გაყაროს ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი.

ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს მეგობრებო და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი. ძალიან მძიმე სიტუაციაა, უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ვიმყოფებით, ქვეყანა არის შიმშილის პირობებში. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ, ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით, სადაც ვაქცინა არ არის შემოტანილი. ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა აღარ შეიძლება და არც უნდა მივცეთ ამის საშუალება. მე იმედი მაქვს მას შემდეგ რაც ნიკა მელია გმაოვა მიიღებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს”
– აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე:

“ზუსტად ვიცი, რომ მას [ივანიშვილს] წინ დაუდეს სანქციების პირდაპირი მუქარა. მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული. მის მიმართ იქნება მიღებული სხვა ზომები. ამიტომ, უახლოესი კვირების და პრინციპში, დღეების განმავლობაში, ველოდებით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე”
— ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას აქვს ნიკა მელიას იმედი, თუმცა პროცესში ყველა ადამიანის ჩართულობაა საჭირო:

“ჩვენ მართლაც იმედი გვაქვს მისი ლიდერობის და მისი შეუპოვარი ხასიათის, მაგრამ ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს ამაში. მხოლოდ ნიკა ან ნებისმიერი ჩვენგანი ვერაფერს შეძლებს, ცალკე აღებული თუ ყველანი არ ვიყავით ძალიან აქტიურები”.

ექსპრეზიდენტის აზრით, ახლა ქვეყანას რიგგარეშე ერჩევნები სჭირდება და ის მიესამლება ევროპელი პოლიტიკოსების ჩართულობას პროცესში ისევე, როგორც საერთაშორისო რეაქციებს.

"ივანიშვილის გეგმა არის კოსმეტიკური ცვლილებები საარჩევნო კომისიაში, მოაშორებს ჟვანიას, დანიშნავს ვიღაც სხვას, ამ პლებისციტს მოგვახვევს თავზე თავისი ფორმით და მერე ყველანაირ მანიპულაციებს შეეცდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკვეთრად და არ უნდა დავუტოვოთ მას მანევრის დრო და საშუალება. ასეთია ჩემი აზრი, დაფუძნებული ჩემს გამოცდილებაზე, როგორც საქართველოში, ისევე უკრაინაში”
— აცხადებს სააკაშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს გნაუცხადა, რომ კომპრომისულ ნაბიჯად შესაძლოა ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხზე პლებისციტის ჩატარების წინადადება დააყენოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე.

წყარო: ნეტგაზეთი
Print