მამუკა მდინარაძე - თუ 1-2 დღეში ოპოზიციისგან კომპრომისულ წინადადებას ვერ ვნახავთ, ფასილიტატორი ელჩების დახმარებით, შევძლებთ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ
საჯაროდ მოვუწოდებთ ოპოზიციას კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ეპატიჟება.

„არავინ დამჯდარა მოლაპარაკების მაგიდასთან, არ მოსულან. მობრძანდნენ, ვისაუბროთ, ვეპატიჟები. თქვენ, ვიზუალურად გნებავთ, რომ მაგიდასთან დავსხდეთ და ისე შევთავაზოთ მოლაპარაკება?! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა და ნებისმიერ მათგანს, მინიმუმ ოთხი- ხუთი პუნქტი შეიძლება ჩამოვთვალოთ, ჰქვია კომპრომისული ნაბიჯები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კომისია და ა.შ. არცერთი სიტყვა ჯერჯერობით ოპოზიციისგან ჩვენ არ მოგვისმენია, რა კომპრომისზე მოდიან ისინი. ერთადერთი, რაც მათ თქვეს, არის პლებისციტი და უბრალოდ, ლოგიკასთან ახლოსაც კი არ არის. არ შეიძლება პლებისციტით მოახდინო ამომრჩევლის ნების რევიზია. ამას აყენებენ წმინდა ფორმალური თვალსაზრისით. პლებისციტი კი არა, რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით თუ 1%-იან ცდომილებას მაინც ნახავენ არჩევნების შედეგებში, მაგრამ ნებისმიერი რაციონალური, პრაგმატული, კომპრომისული წინადადების შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას. მათ ასეთი წინადადება ჯერჯერობით არ უთქვამთ დღესაც, ჩვენ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვეპატიჟებით და ვთხოვთ, რომ მიიღონ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას. ეს უკვე ახლო მომავალში უნდა იყოს. რამდენიმე დღეში ველოდებით“,
- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მისივე განმარტებით, საზოგადოება ხედავს, ვინ რა ნაბიჯი გადადგა. მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან კომპრომისული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

„საჯაროდ მოვუწოდებთ მათ კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმას. გარდა ამისა, მე მგონია, რომ თუ მომდევნო ერთ-ორ დღეში შესაბამისი პასუხები არ იქნება და მათი მხრიდან კომპრომისულ წინადადებას ვერ ვნახავთ, ჩვენ მაინც ჩვენი ფასილიტატორი ელჩების, მედიაციის დახმარებით, რომელთა დაკავშირებითაც ბატონმა მიშელმა სურვილი გამოთქვა, შევძლებთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს უნდა იყოს სულ რამდენიმე დღეში. ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, ბუნებრივია“,
- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები