ბოლნისში ხიდი რომელიც 8 სოფელს ქალაქთან აკავშირებს წელსაც არ გარემონტდება
რვა სოფლის მოსახლეობას ქალაქ ბოლნისში წასასვლელად სოფელ კოჩულუს (ჩაპალას) ტერიტორიაზე მდებარე, ერთადერთი, ხიდით სარგებლობა უწევს. წარსულში აშენებული ხიდი ცალმხრივია, რს გამოც მანქანებს გადაადგილებაში ხელი ეშლებათ.

აღნიშნული ხიდი ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამავალ მდინარე მაშავერაზეა გადებული. ამ გზით დღის განმავლობაში სოფელ კოჩულუს, იმირჰასანის, ფახრალოს, ჯაფარლოს, სარაჩლოს, მოლა ახმედლის და ზემო და ქვემო გოშაკილისეს მოსახლეობა სარგებლობს.

ამ სოფლების მოსახლეობას ქალაქის ცენტრში მოსახვედრად სხვა გზა არ აქვთ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ გოჩულუს მოსახლეობა აცხადებს, რომ ხიდის სივიწროვის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. ახალი ხიდის აშენებისათვის ადგილობრივ თვითმმართველობას ბევრჯერ მიმართეს, წინასაარჩევნოდ დაპირებაც მიიღეს, რომ ხიდი გაკეთდებოდა, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

“როგორც ვიცით პროექტში გათვალისწინებულია და ამ წელს გააკეთებენ. შარშან იყო თუ მაგის წინა წელს არ ვიცი, დაგვპირდნენ რომ ეს ძველი ხიდი დარჩება როგორც ძველი კულტურული მემკვიდრეობა და გვერდით ახალი აშენდებაო. რთულია გადასვლა, ვიწროა და თავისუფლად ვერ დადის ხალხი“ - გვითხრა სოფლის მოსახლემ

„ძველია ეს ხიდი. მანქანა არ ჩანს როცა მოდის და ერთამენთს გზა უნდა დაუთმონ. ხელს უშლიან. ბევრჯერ მივმართეთ არავინ აქცევს ყურადღებას. ხან თქვეს, რომ გვერდით ახალ ხიდს ააშენებენ, მაგრამ როცა არჩევნებია ყველაფერს გპირდებიან მერე კი აღარაფერი კეთდება“, - გვითხრა გოჩულოს მკვიდრმა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ხიდი მართლაც ქმნის ავარიულ სიტუაციას, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გამო ხიდის რეაბილიტაციას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ.

„ჩვენ შარშან ტენდერი გვქონდა გამოცხადებული პროექტირებაზე, რომ მაგ ხიდის რეაბილიტაცია განგვეხორციელებინა, დაგეგმილი მასე გვქონდა, თუმცა დამპროექტებელმა კომპანიამ (რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა) ალტერნატიული გზა შემოგვთავაზა. გააკეთეს ახალი, ალტერნატიული, ხიდის პროექტი ანუ, აქ ჩაპალის ძველი, ისტორიული ხიდის გვერდზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი წარმოგვიდგინა, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს ამ ხიდის მშენებლობისათვის საჭირო თანხები. თავად ამ ძველ ხიდს სარეაბილიტაციოდ ხელს ვერ მოვკიდებთ სანამ ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს“, – გვითხრა კონსტანტინე კორძაძემ

ბოლნისის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, სოფლების დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის რეაბილიტაცია მანამ ვერ განხორციელდება, სანამ ახალი ხიდი არ აშენდება. წელს ბოლნისის ადგილობრივი თვითმმართველობა ხიდის მშენებლობას ვერ დაიწყებს, მაგრამ კორძაძე იმედოვნებს, რომ სამუშაოების დაწყება 2022 წლისთვის შესაძლებელი იქნება. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები