კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანაში გრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან მუშაობას რეგულაციების დაცვით განაახლებენ კინოთეატრები და საშუალება ექნებათ, მიიღონ მაყურებლის არა უმეტეს 50 პროცენტისა.

კინოთეატრებში მისულ მაყურებელს ყველა არსებული რეკომენდაციის დაცვა მოუწევს, რაც ჯანდაცვის სექტორის მიერაა შემუშავებული, ასევე გაზრდილი იქნება სეანსებს შორის დროები, რათა სივრცეების ჰიგიენური ნორმებით დამუშავება მოხდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, პირველი აპრილიდან ნებადართული იყო კინოჩვენება, კინოთეატრები კი გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების გამო დღეიდან განაახლებენ ფუნქციონირებას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში, ივლისში არის დადგენილი მათ მიმართ გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც არის ზოგადი ხასიათის პრევენციული და ის უზრუნველყოფს იმ რეკომენდაციების დაცვას თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. თერმოსკრინინგი, ისევე როგორც სადეზინფექციო სამუშაოები და პირბადის გამოყენება არის სავალდებულო ასეთი ტიპის ობიექტებში და დადგენილი წესით, ისინი განაახლებენ უსაფრთხოდ ფუნქციონირებას. რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, შრომის ინსპექცია განაგრძნობს ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით“,-
განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

წყარო: პირველი არხი
Print