თბილისში ნარიმან ნარიმანოვის თარგმანი გამოიცა
დღეს, მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, გამოჩენილი საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწის, მასწავლებლის, ექიმის, მწერლის, პუბლიცისტის, დრამატურგის ნარიმან ნარიმანოვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორის, ლეილა ალიევის განცხადებით ნარიმან ნარიმანოვი როგორც აზერბაიჯანული ასევე ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

“ეს წიგნი ნარიმან ნარიმანოვის დაბადებიდან 150 წლის იუბი­ლეს ეძღვნება, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ნაწარ­მოებები და ღირსებით აღსავსე ცხოვრება მკითხველებს გულებს გაუთბობს. ნარიმან ნარიმანოვი აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის „მეგობრობის სიმბოლოა“, ნარიმანოვის მსგავსი მწერლები და დრამატურგები სამართლიანად იხსენიე­ბიან აზერბაიჯა­ნელ და ქართველ ხალხებს შორის „სულიერ ხიდად“,” - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა და წინასიტყვაობის ავტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, აიგიულ ისაევამ.

პროფესორ ბადრი ნაჭყებიას განცხადებით, ნარიმანოვის წიგნების პუბლიკაცია კიდევ უფრო დააახლოებს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.

"ნარიმან ნარიმანოვს ჩვენ ისე კარგად არ ვიცნობთ, როგორც პროზაიკოსს, როგორც დრამატურგს როგორც მწერალს, ნარიმანოვი არის დიდი დრამატურგი, ნარიმანოვია დიდი პროზაიკოსი, თუნდაც მისი ორი მნიშვნელოვანი რომანი "უგუნურება" და ისტორიული "ნადირ შაჰი", ფანტასტიური ნაწარმოებებია. იმედია, რომ ამ წიგნების პუბლიკაციის გაგრძელება უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს და რა საკვირველია სტრატეგიულ პარტნიორს ერთმანეთთან",- ბადრი ნაჭყებიამ.

"ნარიმან ნარიმანოვი იყო საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, განმანათლებელი, როგორც ექიმი საკუთარი სახსრებით დახმარებას უწევდა მოსახლეობას. ნარიმან ნარიმანოვის მოღვაწეობა უნდა აღვნიშნოთ გორის სემინარიაში. ასევე ნარიმანოვი, როგორც საქართველოში დაბადებული გაზრდილი და აქ მოღვაწე აზერბაიჯანელი და ქართველი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო",- განაცხადა აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორმა, ლეილა ალიევმა.

ცნობისთვის, ნარიმან ნარიმანოვის ნამუშევრები პირველად ითარგმნა ქართულად. მკითხველებისთვის შემოთავაზებულ წიგნში აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე მწერლის სამი ნაწარმოებია თავმოყრილი: პიესები – „უგუნურება“ და „ნადირ შაჰი“, რომანი – „ბაჰადური და სონა“. პიესა „უგუნურება“ მისი პირველი მწერლური ცდაა, რომელიც საქართველოში დაიწერა.

პიესით „ნადირ შაჰი“ ნარიმანოვმა აზერბაიჯანულ ლიტერატურაში ისტორიული ჟანრის ტრაგედიას დაუდო სათავე – დაიწერა აზერბაიჯანში. ხოლო „ბაჰადური და სონა“ აზერბაიჯანულ მხატვრულ ლიტერატურაში პირველი რომენია. თარგმანის ავტორი ოქტაი ქაზუმოვია, პროექტის ხელმძღვანელი და წინასიტყვაობის ავტორი კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი აიგიულ ისაევაა.






წყარო: report.ge
Print