საქართველომ და თურქეთმა ენერგეტიკაში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ანკარას ეწვია, რომლის ფარგლებშიც, მან შეხვედრა გამართა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილესთან, აბდულლაჰ თანჯანთან.

შეხვედრა 2021 წლის 19 აპრილს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჩართულობით გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ქართული ენერგეტიკული კომპანიების (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) ხელმძღვანელების შეხვედრები მათ თურქ კოლეგებთან (EMRA, TEIAS, EPIAS, EUAS).

შეხვედრებზე განხილულ იქნა თურქეთ-საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომლის ფარგლებშიც, ქართული მხარე მიესალმა თურქეთის მზადყოფნას, გაუზიაროს მისი გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში არსებული რეგულაციების შესახებ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გაუწიოს ტექნიკური დახმარება.შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, არსებული აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

წყარო: report.ge
Print