კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება
კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს.

"მკაცრი შეზღუდვებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს ცხრა საათიდან ხუთ საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გარდა ამისა, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვა. ღიბრაძემ აღნიშნა, რომ გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი.

კომენდანტის საათი უკვე მეხუთე თვეა მოქმედებს. მეორე ტალღისას, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 9 ნოემბერს დაწესდა. მაშინ საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურისას დაუშვეს, როცა ორი ღამით, 20 ნოემბრის 22:00 საათიდან 05:00-მდე და 21 ნოემბრის 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა გააუქმეს.

რამდენიმე დღეში, 28 ნოემბრიდან საბჭომ უფრო გაამკაცრა შეზღუდვა: გარეთ გასვლა 21:00 საათიდან აიკრძალა. ამის შემდეგ კომენდანტის საათი მხოლოდ ორჯერ მოიხსნა — ახალ წელს და შობის ღამეს.

კიდევ ერთი "შემსუბუქება" იყო 28 მარტს საქართველო ესპანეთის მატჩის ბილეთის მფლოებელებს ღამის 01:00 საათამდე ჰქონდათ გარეთ ყოფნის უფლება. იგივე უფლებებთი არ აღჭურვა საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანული თემი, რომლებმაც ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ღამით კომენდანტის მოხსნა ითხოვეს.

პროტესტის ნიშნად კომენდანტის საათი არაერთხელ დაარღვიეს. იმართებოდა საპროტესტო აქციები და მსვლელობები. აქტივისტების ნაწილი ქუჩაში ათევდა ღამეს როგორც თბილისში, პარლამენტის წინ, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, უმეტესად მათ არ აჯარიმებდნენ და მხოლოდ მეორე დღეს აქტივისტებს მისდიოდათ საჯარიმო ქვითრები. ისინი გადახდაზე უარს ამბობენ და ასაჩივრებენ.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები