„მე გიჟური მხარდაჭერა მაქვს, ნავალნის რუსეთში ასეთი არ აქვს“ – სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში, ვიდრე ალექსეი ნავალნის რუსეთის ფედერაციაში.

3 მაისს გერმანულ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს მიმდინარეობისას ჟურნალისტმა სააკაშვილს ჰკითხა, ელის თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება ისევე მოექცევა, როგორც რუსეთის ხელისუფლება მოექცა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რაზეც მან უპასუხა:

„დიახ. თუმცა ვფიქრობ, რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისად მობილიზებულია. მე უბრალოდ გიჟური მხარდაჭერა მაქვს [სტილი დაცულია]. ნავალნის ნამდვილად გმირად მივიჩნევ, მაგრამ მას რუსეთში ჯერ ასეთი მხარდაჭერა არ აქვს, რიგი მიზეზების გამო“.

საააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ფიქრობს, ნავალნის ასეთი მხარდაჭერა „დროთა განმავლობაში ექნება, თუ გადარჩება“ და დასძინა:

„ნავალნისგან ძალიან უსიამოვნო რაღაცებიც მახსოვს, თუმცა, საერთო ჯამში, ის არის სიმბოლო გმირობისა, წინააღმდეგობისა, და ასეთი ადამიანები მსოფლიოში ცოტანი არიან და მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“.



წყარო: ნეტგაზეთი
Print