იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს - ხვიჩია
„გირჩის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი იაგო ხვიჩია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები განიხილა.

მისი თქმით, ზურაბიშვილს გააცნო პოზიცია, რომ ეს ცვლილებები საბჭოთა ცვლილებებია და წინააღმდეგობაში მოდის შარლ მიშელის დოკუმენტთან.

„პრეზიდენტს შეუძლია ხელმოწერის ნაცვლად, კანონპროექტი უკან დააბრუნოს შენიშვნებით. ჩვენს შეხვედრაზე ამასაც შევეხეთ, მე მქონდა მოსაზრება, თუ როგორი შენიშვნით უნდა იყოს ის უკან დაბრუნებული. პრეზიდენტის განწყობას რაც შეეხება, მე არ ვარ განწყობების სპეციალისტი, რომ ამ საქმეში ღრმად შევიდე, ჩვენ ყველანი ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე საათიც არის დარჩენილი, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე მაქვს იმედი, რომ ის ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე და ამას გამორიცხავს, არ მგონია ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კანონპროექტის ძალაში შესვლისთვის საჭიროა, მას ხელი პრეზიდენტმა მოაწეროს. წესის მიხედვით, პრეზიდენტს უფლება აქვს, კანონპროექტს ვეტო დაადოს და პარლამენტში უკან დააბრუნოს ხელახლა განსახილველად.

კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო, აკრიტიკებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით, აქტივისტები. ცვლილებებს ნაჩქარევი, არასაჭირო და უსარგებლო უწოდა შეერთებული შტატების საელჩომ.

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს დღეს ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლებიც შეხვდებიან.

წყარო: პუბლიკა
Print