5 მაისს საქართველოში 3600-ზე მეტი ადამიანი აიცრა – ტიკარაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გუშინ 5 მაისს საქართველოში 3600-ზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც ქვეყნის რეკორდული მაჩვენებელია.

ტიკარაძემ დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქვეყანაში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

„გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი – 3600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო თავისი კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც სასიხარულოა. ჩვენ ვაკვრიდებით, რომ საზოგადოების მზაობა, სანდოობა და მიმღეობა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იზრდება, რაც მოსალოდნელი იყო,“ – ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სამსახურეობრივი, ასევე ბიზნეს სექტორის ჩართულობა, ვინაიდნა, თითოეული აცრილი ადამიანი ეპიდსიტუაციას ასტაბილურებს.

„მოქალაქეების სოციალური პასუხიმსგებლობა დღეს გამოიხატება ნიღბის ტარებაში, სოციალური დისტანციის დაცვასა და ვაქცინაციის პროცესში ჩართულობაში,“ – ამბობს ტიკარაძე.

დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებისა და მინისტრების ნაწილის შემდეგ, დღეს 6 მაისს საქართველოს რამდენიმე პარლამენტარი აიცრა. სწორედ მათი ვაქცინაციის პროცესს ესწრებოდა ეკატერინე ტიკარაძემ. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები ვაქცინაციით სხვა მოქალაქეებს მაგალითს აძლევენ.

ამ დრომდე საქართველოში შესაძლებელია ორ ვაქცინაზე დარეგისტრირება – 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის „ასტრაზენეკას“ წარმოების, ხოლო 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის – „სინოფარმით“. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ პორტალზე – booking.moh.gov.ge.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, 6 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 51 600 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები