სიახლე
Pfizer-ის ვაქცინა სპერმაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს | ისრაელში ჩატარებული კვლევა
ისრაელში წარმოებული ახალი კვლევის წინასწარი მონაცემებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა სპერმაზე უარყოფითად არ მოქმედებს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 43 მოხალისის ნიმუში გამოიკვლიეს. ნიმუშებში, რომლებიც აცრამდე ერთი თვით ადრე და აცრიდან ერთი თვის შემდეგ იყო აღებული, არც ერთი პარამეტრი – მოცულობა, კონცენტრაცია და მოძრაობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

„ეს წინასწარი შედეგები დამამშვიდებელი უნდა იყოს ახალგაზრდა კაცებისთვის, რომლებიც ვაქცინაციას გეგმავენ. წყვილებმა, რომლებსაც სურთ ბავშვის ყოლა, უნდა გაიკეთონ აცრა, რადგან ვაქცინა სპერმაზე არ მოქმედებს“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

მაშინ როცა, მათივე თქმით, კორონავირუსის შესახებ კვლევები მოწმობს, რომ სპერმაზე უარყოფითად სწორედ ვირუსი მოქმედებს.

ასევე, კიდევ ერთი ახალი კვლევის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ კორონავირუსი უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ინფიცირებიდან 77 დღის შემდეგ გამოკვლეულ პაციენტთა ნაწილს ინფიცირების შემდეგ ძილის პრობლემები, გადაღლილობა, შფოთვა და პოსტრავმული სტრესი ჰქონდა.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია