გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი საქართველოს 98 443 მოქალაქემ, ისრაელში კი 1 427 პირმა გამოთქვა
გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 98 443 ადამიანს სურს, ხოლო ისრაელში დასაქმების სურვილი 1 427 პირმა გამოთქვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალურ პორტალზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 15 თებერვლიდან, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე კი 12 აპრილიდან დაიწყო.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, გერმანიის შემთხვევაში, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.

ამასთან, რაც შეეხება ისრაელს, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

„ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტაც განსაზღვრულია - იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

აღსანიშნავია, რომ დროებითი ლეგალური დასაქმების რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ ",
აღნიშნულია ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები