ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარავი ENKA-ს ბაზასთან, ტვიშშიც გაშალეს
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა დღეს რიონის ხეობაში, პროტესტის ნიშნად კიდევ ორი კარავი გაშალეს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ერთი კარავი ისევ სოფელ გუმათში გაიშალა, ხოლო კიდევ ერთი კარავი სოფელ ტვიშში, ჰესის ინვესტორ კომპანია ENKA-ს ბაზასთან.

გოლეთიანის განმარტებით, ტვიშში გაშლილი კარავი ENKA-ს მანქანებისთვის საპროექტო ტერიტორიიდან წამოსასვლელ გზას ჩაკეტავს, ხოლო გუმათში გაშლილი კარვებით კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილებას გუმათიდან რიონის ხოებისკენ შეზღუდავენ.

„დღეს კარავი გავშალეთ ზევით, ტვიშში და გავშალეთ ქვემოთ, გუმათში – ანუ ხეობის ორივე მხარეზე. კარავი, რომელიც ტვიშში გავშალეთ ზემოდან წამოსასვლელ გზას გადაკეტავს. ჩვენთვის გადაადგილება ისევ შეზღუდულია და შესაბამისად, გზა ზემოდან თავად ტვიშელებმა და ორხველებმა გადაკეტეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუმათჰესთან გზა ასევე გადაკეტილი აქვთ პოლიციას და აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს სოფელ ნამოხვანში პროტესტისთვის გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.

წყარო: პუბლიკა
Print