“სინოვაკზე” რეგისტრაცია 14 ივნისიდან განახლდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “სინოვაკის” მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 2021 წლის 9 ივნისს იწყება, ხოლო 14 ივნისიდან კვლავ განახლდება სინოვაკის როგორც პირველი, ისე მეორე დოზაზე რეგისტრაცია.

სინოვაკის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში.

პირველ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე სინოვაკის პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

წყარო: ნეტგაზეთი
Print