მთავრობა 350 თეთრ პიკაპს ყიდულობს
მთავრობა სპეციალიზებული ტიპის 350 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, თეთრ პიკაპს ყიდულობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე კონსოლიდირებული ტენდერი 2 ნაწილად არის გამოცხადებული. ერთი ტენდერი ითვალისწინებს კონკრეტულად შსს-სთვის 300 ერთეული პიკაპის შესყიდვას, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 665 004 ლარია, მეორე კონსოლიდირებული ტენდერით კი გათვალისწინებულია 50 ერთეული თეთრი პიკაპის შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 5 064 000 ლარია.

საერთო ჯამში კი, 350 თეთრი პიკაპის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 729 004 ლარს შეადგენს. 300 პიკაპის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს სრულდება, 50-ის შესყიდვაზე კი 10 ივნისს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული (ორივე ტენდერის პირობა) შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2021 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

300 პიკაპის შესყიდვის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, არანაკლებ 70 (სამოცდაათი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 31 ოქტომბრისა, ხოლო დანარჩენი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა.

50 თეთრი პიკაპის მიწოდება კი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2021 წლის 1-ლი დეკემბრისა.

წყარო: BPN
Print