სიახლე
სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით საქართველო დავობს, რომ განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობების საქმეებს.

აღნიშნულ საჩივარზე წარმოება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საქმეზე (აგვისტოს ომის საქმე) გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით იყო შეჩერებული.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია